შემეცნებით-აღმზრდელობითი პროგრამა
პროგრამა
I–VI კლასების მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგნის პედაგოგების მიერ შემუშავებულია აღმზრდელობითი პროგრამა, რომელიც საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათისაა და ძირითადად დღის მეორე ნახევარში ხორციელდება. პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას, თვითშეფასების, ანალიზის, დიალოგისა და გამოხატვის უნარების განვითარებას, სახალისო და შემეცნებით პროექტებში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას.
პროგრამის თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების, სპორტის შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებსა თუ მოვლენებს. მოსწავლეები ეცნობიან საზოგადო მოღვაწეების, საინტერესო ადამიანების ბიოგრაფიებს, შესაბამისი შინაარსის მქონე ანიმაციურ, დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეთიკისა და ეტიკეტის საკითხებს. მოსწავლეები კვირის განმავლობაში განხილულ თემებს პრეზენტაციის სახით ტრადიციულ ,,პარასკევობებზე“ წარმოადგენენ.
პროექტები და აქციები
პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბების მიზნით არაერთი აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიება ტარდება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სოციალურ პროექტებსა და საქველმოქმედო აქციებზე, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან თანაცხოვრებასა და ტოლერანტობაზე. თაობათა ინტეგრაციის მიზნით პროექტებში ჩართულები არიან სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.
ლიტერატურული კლუბები
,,ანი-Zet-ში“ ფუნქციონირებს ქართული, ინგლისური და გერმანული ლიტერატურული კლუბები, რომელთა მიზანია მოზარდებში ლიტერატურის პოპულარიზაცია და წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაღვივება, ასევე შემოქმედი ბავშვების წახალისება. კლუბისთვის შექმნილ მყუდრო, ლამაზ გარემოში მოსწავლეები ეცნობიან კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას, ცნობილ და უცნობ ავტორებს, მსჯელობენ კონკრეტულ ნაწარმოებსა თუ აქტუალურ თემებზე, ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ ნაფიქრ-ნააზრევს.
კლუბი პერიოდულად მართავს შეხვედრებს მოწვეულ სტუმრებთან: ცნობილ მწერლებთან და ლიტერატურის მოყვარულ საინტერესო ადამიანებთან.
სტუდია
,,ანი-Zet-ში” ასევე ფუნქციონირებს სტუდია, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა წრეების დახმარებით მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების აღმოჩენასა და განვითარებას. სწავლის საფასურში შესული, პროგრამით გათვალისწინებული წრეების გარდა (აკადემიური სიმღერისა და ხალხური სიმღერის შემსწავლელი წრეები, ქართული ნაციონალური და სახასიათო ცეკვები, ჭადრაკი) სტუდია ფასიანი წრეების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ (ხელოვნება: ხატვა-ფერწერა, ქანდაკება, ბალეტი, ქართული ნაციონალური ცეკვა, ტანვარჯიში და რიტმული ცეკვები, თოჯინების დიზაინი, ფორტეპიანო, მეტყველების კულტურა; რობოტიკა; სპორტი: ჭადრაკი, ფეხბურთი, ჩოგბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი; მენტალური არითმეტიკა; უცხო ენები).
მოსწავლეთა წახალისების მიზნით ხშირად ეწყობა კონკურსები, კონცერტები, სპექტაკლები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები; ტარდება საქველმოქმედო საღამოები. მსურველებს სტუდია სთავაზობს სპეციალურ პროგრამებსა და ცნობილ პროფესიონალთა მასტერკლასებს.


