"ანი-Zet" წარმატებული ინტეგრაცია ევროპულ
საგანმანათლებლო სივრცეში,
პუბლიკაცია ვრცლად, 
,,ბიზნეს სახელები 2018“-ში

„სამი მოსწავლეც რომ მოვიდეს, სკოლას გავხსნით...“ ეს გადაწყვეტილება სკოლის დამფუძნებლებმა 2000 წლის აგვისტოში მიიღეს და ქართულ-გერმანული სკოლა „ა-Z” 17 მოსწავლით მუშაობას შეუდგა. ამავე წელს სკოლა ოფიციალურად გახსნა გერმანიის ფედერაციული რესპუპლიკის იმჟამინდელმა ელჩმა ბატონმა ვოლფ-დიტრიჰ ფოგელმა.
სახელწოდება „ა-Z” („ანი-Zet”) - ქართული ანბანის პირველი და ლათინური ანბანის ბოლო ასოები - ქართულ და ევროპულ კულტურათა ურთიერთკავშირს გულისხმობს. სკოლა დაფუძნდა გერმანისტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის მარინა ანდრონიკაშვილისა და ქიმიკოსის, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის თამარ სარაჯიშვილის მიერ. „ა-Z” იმთავითვე მოიაზრებოდა ევროპული ორიენტაციის ქართულ სკოლად, საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკის, მიმდინარე სასკოლო რეფორმებისა და მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული პროგრამებით. მათი მიზანი იყო ქართული სკოლის ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და რაც მთავარია, ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციების გაზიარების საფუძველზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე განათლებული, შემოქმედებითი, თავისუფლად მოაზროვნე, ღირსეული პიროვნების აღზრდა და მომზადება საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული მოღვაწეობისათვის.
დღეს სკოლაში ორი სექტორი - გერმანული და ინგლისური, ასევე მოსამზადებელი ჯგუფი ფუნქციონირებს. „ა-Z"-ის მოსწავლეებისა და კურსდამთავებულების მაღალ აკადემიურ მოსწრებაზე მიუთითებს სხვადასხვა ოლიმპიადაში გამარჯვების აღმნიშვნელი უამრავი სიგელი თუ სერთიფიკატი, მადლობის წერილები უმაღლესი სასწავლებლებიდან. უკლებლივ ყველა კურსდამთავრებული პირველივე წელს გახდა მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის სტუდენტი. 
2015 წლიდან „ა-Z” გერმანიის პარტნიორი სკოლაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, შესაბამისი პროგრამებით მოემზადონ და მოიპოვონ გერმანული ენის დიპლომები, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძონ გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში. გარდა ამისა, „ა-Z“-ის მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ გერმანიის პარტნიორი სკოლების სხვადასხვა აქტივობებში, კონკურსებსა თუ გაცვლით პროგრამებში. 2013 წლიდან „ა-Z” ავსტრიის ზალცბურგ-ნონტალის ევროპული გიმნაზიის პატრნიორი სკოლააა. ყოველწლიურად ხორციელდება მოსწავლეთა და მასწავლებლების გაცვლით პროგრამები და სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებები.