„ანი-Zet-ის“ მოსწავლეები ორკვირიანი გაცვლითი პროგრამით ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში იმყოფებოდნენ. ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ მათი შთაბეჭდილებები:

ტასო დოლიძე: ზალცბურგი თბილისზე პატარა ქალაქია, ძალიან ლამაზი, სუფთა ქუჩებით და საოცარი შენობებით. სკოლა, სადაც გაკვეთილებს ვესწრებოდით, ძალიან მომეწონა: მოწესრიგებული შენობა, კაფეტერია, კლასები და დაფები. ცხრილიც არ იყო ბევრი საგნით გადატვირთული და მოსწავლეები საღამოობით გასართობად გასვლასაც ახერხებდნენ. მომავალ მონაწილეებს ვურჩევდი გამოიყენონ ეს შანსი, რომელსაც სკოლა გვაძლევს და აუცილებლად მიიღონ მონაწილება ამ გაცვლით პროგრამაში. ასე დაუმეგობრდებიან ავსტრიელ მოსწავლეებს და გაიუმჯობესებენ გერმანული ენის ცოდნას.

მარიამ გულაშვილი: ავსტრიაში კარგი მეგობრები შევიძინე და მათთან კონტაქტს დღესაც ვაგრძელებ. სწავლის პროცესი ჩვენი სკოლისგან დიდად არ განსხვავდება. მხოლოდ, ისინი ნაკლებად დატვირთულები არიან. ჩემი აზრით, არათუ ჩამოვუვარდებით მათ სწავლის დონით, არამედ ვჯობნით კიდეც. ავსტრია განსხვავებული კულტურის მატარებელი ქვეყანაა. მათი ცხოვრებს სტილს შევეჩვიე. ყველას ვურჩევ მიიღონ მონაწილეობა ამ პროგრამაში, არ იყვნენ მორიდებულები და მაქსიმალურად გამოიყენონ იქ ყოფნის დრო.

ნიკოლოზ ფანცულაია: ავსტრიაში ოჯახებში ვცხოვრობდით და ოჯახის წევრებთან გერმანულად ლაპარაკი გვიწევდა. მასპინძლები აღნიშნავდნენ, რომ მოსწონდათ ჩვენი ენის ცოდნის დონე და ცდილობდნენ მათთან საუბრით მაქსიმალური პრაქტიკა მიგვეღო.

სოფო შათირიშვილი: საქართველოში დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო დავაფასე ის გამოცდილება, რაც ავსტრიაში მივიღე. ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, უფრო დამოუკიდებელი გავხდი.

სანდრო ხვედელიძე: ავსტრიაში დიდი გამოცდილება მივიღე. პროგრამის მომავალ მონაწილეებს ვურჩევდი მაქსიმალურად პირდაპირები და თამამები იყვნენ.

ნატალი ახოიშვილი: ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო მეგობრებთან ერთად ყოფნა იყო. ერთმანეთზე ზრუნვამ უფრო დაგვაახლოვა. მომავალ მონაწილეებსს ვურჩევ, რომ უცხოეთში არცერთი წამი უქმად არ დაკარგონ.